თურნავა: ველოდებით, რომ კონსორციუმი „კონტი ჯგუფს“ ადეკვატური პარტნიორით ჩაანაცვლებს
ეკონომიკა

ნათია თურნავა
ფოტო: არქივი
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას ანაკლიის პროექტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „კონტი ჯგუფის“ გასვლა პროექტს აზარალებს.
„რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ კონსორციუმი ამ დანაკლისს ადეკვატური პარტნიორით შეავსებს. ეს არის ამ წუთში გამოწევა“, - განაცხადა თურნავამ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა „კონტი–ჯგუფმა“ დატოვა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. 15 ივნისს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.
26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
რა მოხდება თუ „ანაკლიის კონსორციუმი“ ვერ შეასრულებს ვალდებულებებს? - ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინტერვიუ.





