ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფეისბუკზე კამპანია დაიწყო
ეკონომიკა

@UcodinrobaDanashaulia
ფოტო: Facebook
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით „ფეისბუკზე“ კამპანია დაიწყო. გვერდს, რომელიც ანონიმურია და როგორც ჩანს, ლარის ისტორიული გაუფასურების ფონზე შეიქმნა (პირველი პოსტი 7 აგვისტოს არის გამოქვეყნებული), „უცოდინრობა როგორც დანაშაული“ ჰქვია და გვენეტაძის „არასწორი საქმიანობის და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების“ შესახებ მომხმარებლების ინფორიმირებას ცდილობს.
გვერდის აღწერაში ვკითხულობთ:
„საქართველოს ეკონომიკა კრიზისის ზღვარზეა! მიზეზი ბევრია, მაგრამ ობიექტურს სუბიექტური ფაქტორები აჭარბებს. მათ შორისაა სიტუაციაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უცოდინრობა და უპასუხისმგებლობა, რომელიც შესაშური სიჯიუტით ანადგურებს ქართულ ეკონომიკას.
კობა გვენეტაძეს საზოგადოება არ იცნობს საკმარისად, ამასთან მოსახლეობა ნაკლებად ერკვევა ეროვნული ბანკის მუშაობის სპეციფიკაში, რაც გვენეტაძეს საშუალებას აძლევს:
- ამოეფაროს ნეგატიურ ეკონომიკურ ტენდენციებს ქვეყნის გარეთ და მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას ქვეყნის შიგნით;
- არ აგოს პასუხი იმ გამოუსწორებელ ზიანზე, რაც პირადად მისმა სამწლიანმა საქმიანობამ ქართულ ეკონომიკას მიაყენა.
სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება თუ ის თანამდებობას არ დატოვებს. კობა გვენეტაძის საქმიანობის ყოველი დღე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში საქართველოს ეკონომიკისთვის დამღუპველია.
ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია მისი არასწორი საქმიანობის და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენი ამოცანაა თქვენთან ერთად გავათავისუფლოთ ქართული ეკონომიკა პარაზიტი კობა გვენეტაძისაგან!“.
ამ ფეისბუკგვერდზე თითქმის ყოველდღე ქვეყნდება რამდენიმე დასპონსორებული პოსტი კობა გვენეტაძის საქმიანობის ნეგატიურ შედეგებზე და თითქმის ყველა ინფორმაცია სრულდება კითხვით: „უნდა გადაგდეს თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი?“
კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად პარლამენტმა 2016 წლის მარტში დაამტკიცა.
30 ივლისს ისტორიაში პირველად, კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ფასი 3 ლარი გახდა.





