სამინისტრო: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ „კონტი ჯგუფის“ ყოფნა ფორმალური იყო
ეკონომიკა

ფოტო:ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. სამინისტრო კონსორციუმს მოუწოდებს, რომ წარადგინოს გეგმა, რომელის თანახმადაც 42%-იანი წილის მფლობელი ბიზნესჯგუფის ჩანაცვლება მოხდება.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“. შესაბამისად, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ტენდერში გამარჯვება განაპირობა კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობამ.
საზოგადოების ყურადღება არა ერთხელ გამახვილდა იმაზე, რომ სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ „კონტი ჯგუფი“ არ ყოფილა ჩართული პროექტის განხორციელებაში. კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, „კონტი ჯგუფს“ არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში. ყოველივე ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევდა „კონტი ჯგუფის“ პროექტში რეალურად არსებობის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წლის 6 დეკემბერს "კონტი ჯგუფის" პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„საყურადღებოა ისიც, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" განცხადება "კონტი ჯგუფის" პროექტიდან გასვლის თაობაზე გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ოფიციალური მიმართვით მოუწოდა კონსორციუმის ყველა დამფუძნებელს, მათ შორის "კონტი ჯგუფს", პროექტის დაფინანსების კუთხით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, მეტი მხარდაჭერისა და ჩართულობისაკენ.
ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას. ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე.
სწორედ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების არაერთჯერადი გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღემდე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი, არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები და არ აქვს მიღწეული შეთანხმება ბანკებთან სესხის მიღების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის“ ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა „კონტი–ჯგუფმა“ დატოვა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. 15 ივნისს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.
26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
რა მოხდება თუ „ანაკლიის კონსორციუმი“ ვერ შეასრულებს ვალდებულებებს? - ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინტერვიუ.





