ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა „კონტი–ჯგუფმა“ დატოვა
ეკონომიკა

ანაკლია
ფოტო: IMEDI
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა „კონტი–ჯგუფმა“ დატოვა. როგორც imedinews-ს კონსორციუმის პრესსამსახურში განუცხადეს, კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი გენერალურ კონტრაქტორთან დაკავშირებით დოკუმენტაციას ეკონომიკის სამინისტროში დღეს 17:00 საათზე მიიტანს და შესაძლოა „კონტი-ჯგუფის“ შესახებ მედიასთან კომენტარიც გააკეთოს.
დეტალები ამ ეტაპზე არ ზუსტდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი, „თიბისი" ბანკის საქმეა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. 15 ივნისს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.
26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
რა მოხდება თუ „ანაკლიის კონსორციუმი“ ვერ შეასრულებს ვალდებულებებს? - ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინტერვიუ.





