კვირიკაშვილი: ტურიზმის შემოსავლებმა 2 მილიარდ დოლარს გადაააჭარბა
ეკონომიკა

საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„ეს არის იმ საერთო ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე, საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოზიციონირების კუთხით. ვფიქრობთ, ინვესტიციები, რომლებსაც ვახორციელებთ ოთხსეზონიანი კურორტების შექმნის, ასევე ტურისტული მიმართულებებისკენ ახალი გზების მშენებლობის კუთხით და ზამთრის კურორტებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების განხორციელების მიმართულებით, კიდევ უფრო გასაფართოებელია, რადგან მას მოაქვს კონკრეტული შედეგები, ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დამატებითი შემოსავლის სახით. ეს მიმართულება გაგრძელდება და გაძლიერდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, მისასალმებელია, რომ წელს, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ საქართველო, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ, ხოლო ზოგიერთმა გამოცემამ - მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ახალ ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.





