ეროვნული ბანკი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან დამოუკიდებელია
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი
ფოტო: არქივი
ეროვნული ბანკი ინფლაციის მართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედებს და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
„ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის - ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა. ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია" , - ნათქვამია განცხადებაში.
სებ-ის ამ განცხადებას წინ უძღოდა ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა კომენტარები, სადაც მათ ეროვნულ ბანკს მოქმედებისკენ მოუწოდეს. კერძოდ, დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რომლებმაც სებ-ს პრინციპული ნაბიჯების გადადგმა შესთავაზეს. ასევე, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ჩარევისკენ მოუწოდა.
რა არ უნდა გააკეთოთ ვალუტის კურსის ძლიერი რყევებისას შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.





