თალაკვაძე: ინფლაციის პროცესის მართვა ეროვნული ბანკის ვალდებულებაა
ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ეროვნული ბანკი ჩაერია, ვინაიდან მისი ვალდებულებაა, რომ ინფლაციის პროცესი მართოს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვებს საარჩევნო საკითხებზე გამართული შეხვედრის შემდეგ უპასუხა.
„ქვეყნის ეკონომიკა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და ვალუტის კურსი ეს ის თემაა, რომელსაც ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ვმართოთ ეს საკითხები. ამავე დროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ოპოზიციასაც მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როდესაც საბოლოო ჯამში დავინახეთ, რომ არაერთი მოქმედება სამწუხაროდ, ისევ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა და საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენეს.
სამწუხაროდ, ამანაც მიაყენა ზიანი ეკონომიკას, რაც აისახა ვალუტაზეც, თუმცა ნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ჩარევა განახორციელა, ვინაიდან მისი ვალდებულებაა, რომ ინფლაციის პროცესი მართოს.
იმედი მაქვს, რომ ის ჩარევა, რაც მოხდა და რაც შესაძლოა, ეროვნულ ბანკს მომავალშიც აქვს დაგეგმილი, მაქსიმალურად შეძლებს, რომ ლარის ეს კურსი ინფლაციაზე არ აისახოს. რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებებს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს ძალიან პოზიტიური გეგმები აქვს. აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს რთული სიტუაცია აუცილებლად გადავლახოთ. საქართველოს მომავალს გარედან ვერავინ განსაზღვრავს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ლარის კურსის დასტაბილურებისთვის კობა გვენეტაძისგან მოქმედება მოითხოვა.
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა დამატებით ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს.
მისი განმარტებით, ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურების მიზეზი მხოლოდ რუსეთის მიერ დაწესებული ტურისტული ემბარგო არ არის.
დღევანდელი კურსით, დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.89 ლარია.ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება ბოლოს 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან 4 თეთრით გაუფასურდა. 26 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრებოდა. მან ანალოგიურად შეაფასა სიტუაცია მაისის დასაწყისშიც. 9 მაისს ნათია თურნავამ თქვა, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა.
30 ივლისს, ისტორიაში პირველად, კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ფასი 3 ლარი გახდა. ამ ფონზე ბიზნესის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკრიტიკეს.





