კალაძე ლარის კურსის დასტაბილურებისთვის კობა გვენეტაძისგან მოქმედებას ითხოვს
ეკონომიკა

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა დამატებით ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურების მიზეზი მხოლოდ რუსეთის მიერ დაწესებული ტურისტული ემბარგო არ არის.
„ლარის კურსი, ზოგადად, ყველასთვის პრობლემაა; შესაბამისად, როცა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, ტენდენცია დასტაბილურებისკენ წამოვიდა, თუმცა დღეს განსხვავებული სიტუაცია გვაქვს; რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და საზოგადოებას გეგმა და ხედვა წარუდგინოს თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს და ქვემოთ წამოვიდეს. ის, რომ დოლარმა ლართან მიმართებით გამყარება დაიწყო, ეს არის ძალიან ბევრი ფაქტორისგან განპირობებული და არ შეიძლება მხოლოდ ერთ ტურისტულ მიმართულებას დავაბრალოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
დღევანდელი კურსით, დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.89 ლარია.
ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება ბოლოს 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 4 თეთრით გაუფასურდა. 26 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრებოდა. მან ანალოგიურად შეაფასა სიტუაცია მაისის დასაწყისშიც. 9 მაისს ნათია თურნავამ თქვა, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა.
30 ივლისს, ისტორიაში პირველად, კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ფასი 3 ლარი გახდა. ამ ფონზე ბიზნესის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკრიტიკეს.





