ირმა ებრალიძე
ალაფიშვილი: "ყაზტრანსგაზთან" და "ინტერ-რაოსთან" ქართული მხარის მოგების შანსი მინიმალურია
ეკონომიკა

იურისტი ლევან ალაფიშვილი მთავრობას ურჩევს, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს და "ინტერ-რაოს" და "ყაზტრანსგაზის" საკითხზე საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მიიყვანოს. როგორც ლევან ალაფიშვილმა "რადიო იმედის" გადაცემა "ეკონომიქსში"განაცხადა, სასამართლოში დავის შემთხვევაში ქართული მხარის მიერ პროცესის მოგების შანსი მინიმალურია, განსაკუთრებით "ინტერ-რაოს" შემთხვევაში.
"საქართველოს მთავრობასა და "ინტერ-რაოს" შორის 1998 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ანტიკონსტიტუციურია და მაშინდელი ხელისუფლების შეცდომის გამოსწორებაზე ახლა უნდა იზრუნოს ამ ხელისუფლებამ. თუ ხელისუფლება ოპტიმალურ გამოსავალს ვერ იპოვის, პირველ რიგში, სახელმწიფო და მოსახლეობა დაზარალდება", - განაცხადა ალაფიშვილმა. ამასთან, მისი აზრით, აუცილებელია პროცესი უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს.
ყაზახურმა "ყაზტრანსგაზმა" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. კომპანია, რომელმაც შვილობილი "ყაზტრანსგაზ თბილისის" გაყიდვა ვერ შეძლო, ახლა მასზე კონტროლის დასაბრუნებლად იბრძვის. გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელის თანხა 180 მლნ დოლარია. საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო სასამართლოდან “ყაზტრანსგაზის" სარჩელზე შეტყობინება უკვე მიიღო. იმავდროულად, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" გენერალურმა დირექტორმა სანჟარ შოკატაევმა საქართველოს მთავრობასთან მორიგება არ გამორიცხა. მისი თქმით, შეთანხმების შემთხვევაში, კომპანია სარჩელს გამოითხოვს.
რაც შეეხება "ინტერ-რაოს" ის საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის და ლარის გაუფასურების გამო კომპენსაციას ითხოვს. კომპანია ათეულმილიონიან ზარალზე ლაპარაკობს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ვარაუდობს, რომ "ინტერ რაოსთან" დაკავშირებით საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა. ენერგეტიკის მინისტრი იგივე იმედს გამოთქვამს კომპანია "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებითაც. თემას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც. ქუმსიშვილის განცხადებით, "ყაზტრანსგაზი" რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის, ძალიან სამწუხაროა, თუმცა მინისტრის განმარტებით, მოლაპარაკებების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.





