imedi
საია მთავრობის კანონპროექტს საკუთრების ჩამორთმევაზე პანორამა თბილისს უკავშირებს
ეკონომიკა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ორგანიზაცია მთავრობის კანონპროექტს "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" "პანორამა თბილისს" უკავშირებს. პროექტის ინვესტორი თანაინვესტირების ფონდი საიას ეჭვებს უსაფუძვლოს და არაკვალიფიციურს უწოდებს.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონპროექტი წარადგინა. საია-ს განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უკლებლივ ყველა პუნტქს იმეორებს, რაც არსებულ კანონშია, ერთი განსხვავებით - "სიას ემატება ახალი პუნქტი, კერძოდ საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება", - წერს საია.
საია წერს, რომ თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პანორამა თბილისის ორი პროექტი - თავისუფლების მოედანთან არსებული მშენებარე ნაგებობა და ე.წ. "სოლოლაკის მაღლობი" სწორედ საბაგირო გზით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს.
"შესაბამისად, საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოები თბილისის ისტორიულ ნაწილში უნდა განხორციელდეს, რასაც შესაძლოა თან ახლდეს საკუთრების ჩამორთმევის საჭიროება." საია-ში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამას უკავშირდება მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თანაინვესტირების ფონდმა უპასუხა.
"თანაინვესტირების ფონდი მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მსგავსი უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებმდე მიმართონ თანაინვესტირების ფონდს ან კანონმდებლებს, გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე, რათა თავი აარიდონ ცრუ ბრალდებების გავრცელებას და მეტი პროფესიონალიზმით მიუდგნენ საკუთარ საქმიანობასა და სხვა ორგანიზაციების რეპუტაციას", - აცხადებენ ფონდში.
თანაინვესტირების ფონდმა "პანორამა თბილისის" პროექტი საზოგადოებას 2014 წლის მარტში წარუდგინა. პროექტის განხორციელება სოლოლაკის მაღლობზე, სოლოლაკის ბაღებზე, თავისუფლების მოედანზე და ერეკლე მეორეს მოედანზე იგეგმება. პროექტს საზოგადოებაში მოწინააღმდეგეები ჰყავს. მათი მთავარი არგუმენტი ის არის "პანორამა თბილისი" აღნიშნულ რაიონში კიდევ უფრო დაარღვევს ისედაც პრობლემატურ ეკოლოგიურ ბალანსს.





