Imedi
ბათუმში 1 კვადრატული მეტრი უკანონო მშენებლობა 400 ლარად დაკანონდება
ეკონომიკა

ბათუმი
"ბათუმელების" ინფორმაციით, ბათუმის მერია 1 კვადრატულ მეტრ უკანონო მშენებლობას 400 ლარად დააკანონებს - სანებართვო პირობების დარღვევაზე, მოსაკრებლის სანაცვლოდ, სპეციალური (ზონალური) მოსაკრებელი შემოვა.
ინიციატივის მიხედვით, ცვლილება მხოლოდ იმ დარღვევაზე გავრცელდება, რომელზეც ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილება 2017 წლის პირველ აპრილამდე გამოსცა.
მშენებელმა მერიას მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (k-2) გაზრდის თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობა უნდა წარუდგინოს.
მშენებელი შეთანხმებულ პირობებს ხშირად არღვევს. ზედამხედველობის სამსახური ადგენს აქტს, აკისრებს ჯარიმას. ჯარიმის ოდენობა იმდენად დაბალია, რომ მშენებელს გადახდა უღირს. შემდეგ რეაგირება აღსრულების სამსახურის ვალდებულებაა. უკანონო მშენებლობის დანგრევის შემთხვევა პრაქტიკულად არ ფიქსირდება.
საკრებულომ გრიბოედოვის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და ამ ქუჩების სამხრეთით, ჭავჭავაძის ქუჩამდე მშენებლობაზე მოსაკრებელი 2013 წელს დააწესა. ამ ზონაში უკანონო მშენებლობა 2 გადასახადს ითვალისწინებს: საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე - 315 ლარს, საცხოვრებელ ზონაში - 143 ლარს.
მერიის ინიციატივა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.





