imedi
კახა კალაძე "ყაზტრანსგაზთან" და "ინტერ-რაოსთან" დავებს ეხმაურება
ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტკის მინისტრი კახა კალაძე მთავრობის მიმართ "ყაზტრანსგაზის" და "ინტერ-რაოს" პრეტენზიებს გამოეხმაურა.
ყაზახურმა "ყაზტრანსგაზმა" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. კომპანია, რომელმაც შვილობილი "ყაზტრანსგაზ თბილისის" გაყიდვა ვერ შეძლო, ახლა მასზე კონტროლის დასაბრუნებლად იბრძვის. გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელის თანხა 180 მლნ დოლარია. საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო სასამართლოდან “ყაზტრანსგაზის" სარჩელზე შეტყობინება უკვე მიიღო. იმავდროულად, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" გენერალურმა დირექტორმა სანჟარ შოკატაევმა საქართველოს მთავრობასთან მორიგება არ გამორიცხა. მისი თქმით, შეთანხმების შემთხვევაში, კომპანია სარჩელს გამოითხოვს.
რაც შეეხება "ინტერ-რაოს" ის საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის და ლარის გაუფასურების გამო კომპენსაციას ითხოვს. კომპანია ათეულმილიონიან ზარალზე ლაპარაკობს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ვარაუდობს, რომ "ინტერ რაოსთან" დაკავშირებით საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა: "რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება არბიტრაჟთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ და წარმოვადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. შესაძლოა, არბიტრაჟამდე არც მივიდეს საქმე. ეს არის საკმაოდ ხანგრლივი პროცესი", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება “ყაზტრანსგაზის" სარჩელს, მინისტრი ყაზახური კომპანიის შემთხვევაშიც იგივე იმედს გამოთქვამს: „ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ჩემი განცხადებები, მთავრობის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო დაბრუნებულიყო ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა. სხვა დამატებით საკითხებზე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, რადგან ჩემი კომენტარი შესაძლოა გამოყენებული იყოს არბიტრაჟში ამ საქმეზე. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ მენეჯმენტში. ამ ეტაპზე გრძელდება მოლაპარაკებები და შესაძლოა არ მივიდეს საქმე არბიტრაჟში" - ამბობს კალაძე.





