სოფიკო ბერიძე
აუდიტის სამსახურს საქართველოს რკინიგზის შესყიდვებზე შენიშვნები აქვს
ეკონომიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა "საქართველოს რკინიგზის" 2015 წლის შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტმა მოიცვა 521 ხელშეკრულება და 106,024,774 ლარი.
"საქართველოს რკინიგზა" შესყიდვებს ახორციელებს როგორც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით, ასევე შესყიდვების სპეციალური წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ.
"საქართველოს რკინიგზის" შესყიდვების სპეციალური წესი არ ითვალისწინებს თუ რა ვადაში უნდა იმსჯელოს სატენდერო კომისიამ, შეესაბამება თუ არა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული სრულად არ აკმაყოფილებს კომპანიის შესყიდვების სპეციალური წესის მოთხოვნას, შესყიდვების განხორციელებისას პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი მიდგომის შესახებ.
ასევე, პრეტენდენტებისა და პოტენციური პრეტენდენტებისთვის არ არის განჭვრეტადი შესყიდვის
პროცედურის დასრულებასთან დაკავშირებული ვადები, რაც ართულებს დაინტერესებული მხარეებისთვის ტენდერში მონაწილეობის დაგეგმვის პროცესებს.
ამასთან, აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, "საქართველოს რკინიგზა" ითხოვს პრეტენდენტების ან ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას. ზოგიერთ შემთხვევაში ტენდერებში წარმოდგენილია მხოლოდ ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, რის შედეგადაც
იმარჯვებენ პრეტენდენტები. შედეგად, კონტრაქტორები სამშენებლო სამუშაოების გამოცდილებას იღებენ ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარჯზე ისე რომ შესაძლოა მათ მომავალში დამოუკიდებლად ვერ შეძლონ აღნიშნული სამუშაოების შესრულება, მაშინ როდესაც ისინი უკვე თავისუფლად შეძლებენ ტენდერის პირობების დაკმაყოფილებას გამოცდილების ნაწილში.





