imedi
მომდევნო 3 წლის შიდა ფრენებზე ტენდერი გამოცხადდა
ეკონომიკა

შემდეგი სამი წლის განმავლობაში შიდა ფრენების განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას bm.ge აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელ ქეთი ალექსიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალექსიძის თქმით, ზაფხულის სეზონამდე ყველა ფრენა დაგეგმილია.
"შიდა ფრენებს ჩვენ ვახორციელებთ მესტიის მიმართულებით, მესტია-ქუთაისის მიმართულებით, ასევე ამბროლაურის მიმართულებით. ამ ეტაპზე ზაფხულის სეზონამდე გრაფიკი სრულად არის გაწერილი და არც ერთ რეისს საშიშროება არ ემუქრება. ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც ითვალისწინებს მომავალი 3 წლის განმავლობაში ფრენების სპექტრს, მათ შორის რაჭა-ამბროლაურის მიმართულებით. ტენდერის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა დღგ-ს გარეშე. თუმცა, ვაჭრობის ფასი როგორც იქნება ვერ გეტყვით, ამას გამოაკლდება ბილეთების რეალიზაციის ფასი", - განმარტავს ქეთი ალექსიძე.
ამასთან, ალექსიძე ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი წერტილია, სადაც შესაძლოა აეროპორტი გაკეთდეს ან განხორციელდეს მოდერნიზაცია.მისი თქმით, უწყება შიდა აეროპორტების განვითარების ზოგად კონცეფციაზე მუშაობს.
ამასთან, ალექსიძე განმარტავს, რომ საქართველოში არსებული საერთაშორისო აეროპორტები სრულად უზრუნველყოფს არსებულ გამოწვევებს.
სვანეთის მიმართულებით ფრენებს ამ დრომდე "სერვისეარი" ახორციელებს, რომელთან დადებულ ხელშეკრულებასაც ვადა გასდის.





