IDFI: საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები 117 640-მა ავტომობილმა დააკმაყოფილა
ეკონომიკა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქარათველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება 232, 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა.
IDFI-ის ცნობით, პირველადი ტექინსპექტირება გაიარა 232, 470-მა ავტომობილმა, აქედან დახარვეზდა 114, 830. ხოლო ტექინსპექტირება გაიარა 117,640-მა ავტოტრანსპორტმა.
რაც შეეხება განმეორებით ტექინსპექტირებას, დახარვეზებული 114, 840 ავტომობილიდან განმეორებით ტექდათვალიერებას 80, 999 ავტომობილმა მიმართა, საიდანაც კვლავ დახარვეზდა 4,330 და ტექდათვალიერება გაიარა 76, 669 ავტოტრანსპორტმა.
ორჯერ დახარვეზებული 4,330 ავტომობილიდან ტექდათვალიერება ჩაუტარდა 4,032 ავტომობილს, აქედან 2, 150 კიდევ დახარვეზდა, საბოლოო ჯამში კი, ტექდათვალიერება 1,182-მა ავტომობილმა გაიარა.
IDFI-ის ინფორმაციით, ავტომობილების მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში, ჯამში, 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. ამასთან, მათივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დახარვეზების საფუძვლებს არ აღრიცხავს. ასევე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო ნაკლებია დახარვეზების შემთხვევები.
IDFI-ის ცნობით, ავტომობილების გამონაბოლქვი მთავარი პრობლემაა ჰაერის დაბინძურების კუთხით; 10 და მეტი წლოვანების ავტომობილები განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ჰაერის დაბინძურების მხრივ; 2009 წლამდე გამოშვებული ავტომობილების მხოლოდ 59%-მა პროცენტმა გაიარა ტექნიკური ინსპექტირება.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში IDFI აღნიშნავს, რომ 2018 წელს ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმების ოდენობამ 1 მლნ ლარი შეადგინა.
„ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტმა“ მონაცემები შსს-დან გამოითხოვა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი. თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებგვერდზე pti.ge. მოქმედებს ცხელი ხაზიც: 1484.




