imedi
„აწარმოე საქართველოში“-ს მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს
ეკონომიკა

მარიანა მორგოშია
"აწარმოე საქართველოში" განახლებულ სტრუქტურას, რომლის პრეზენტაციაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართა, მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი სტრუქტურა ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს - ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს გააერთიანებს.
"ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება სამი მიმართულება: "აწარმოე საქართველოში-ბიზნესი", "აწარმოე საქართველოში-ექსპორტი" და "აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია." გარდა ამისა, სააგენტოს დაემატა ეკონომიკური ატაშეების ახალი მიმართულება. ეკონომიკური ატაშეები აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენს ექსპორტიორებისა და ინვესტორების გუნდთან, რათა დააკავშირონ როგორც პოტენციური ინვესტორები, ასევე პოტენციური შემსყიდველები იმ სავაჭრო პარტნიორების ქვეყნებიდან, რომლებშიც იქნებიან წარდგენილნი," - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს მარიანა მორგოშიამ.
13 აპრილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს გაუქმების შესახებ და მისი ფუნქციების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" გადასვლის შესახებ განაცხადა.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
"აწარმოე საქართველოში"-ს ექნება უფლება, 2017 წლის ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრულ ფინანსებთან ერთად, განკარგოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებები.





