ცნობილია რომელ პროფესიებზეა ვაკანსიები გერმანიაში უცხოელებისთვის
ეკონომიკა

ფოტო: Shutterstock
გერმანიაში კომპანიებს შეუძლიათ უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება, რომლებსაც აქვთ პროფესიული განათლება. აუცილებელი არ არის, რომ ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. თუმცა აღნიშნული პროფესია უნდა იყოს ქვეყნის დასაქმების სააგენტოს პოზიტიურ სიაში. პროფესიული განათლების დიპლომი უნდა დაამოწმონ გერმანიაში და თავად დაუკავშირდნენ დამსაქმებელს.
ვის აქვს გერმანიაში დასაქმების შანსი? ამ თემაზე ინფორმაცია გამოცემა Deutsche Welle -მ გაავრცელა. ცნობილია პროფესიები, რომელიც გერმანიის ფედერალური სააგენტოს პოზიტიურ სიაში მოხვდა:
გერმანიაში არის მოთხოვნა ლითონის მჭრელებზე, მეტალოკონსტრუქციების ტექნოლოგ-მემონტაჟეებზე, ოსტატ-შემდუღებლებზე და მექანიკოს-ინსტრუმენტალისტებზე.
დეფიციტურ პროფესიებშია ასევე სისტემების ავტომატიზირებული მართვა, ელექტრონიკის სპეციალისტი, წარმოების ტექნოლოგი. ამ სპეციალისტების მოწვევა გერმანულ კომპანიებს შეუძლიათ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.
გერმანიაში სამშენებლო ბუმია. ქვეყანა აქტიურად ცდილობს სხვა ქვეყნებიდან ამ დარგის სპეციალისტების მოზიდვას. კერძოდ, არის მოთხოვნა სამშენებლო მოედნის მეთვალყურეზე, ფილების და პარკეტის დამგებზე, ქვის მთლელებზე, ასევე დარაბების მემონტაჟეებზე.
აგრეთვე გერმანიაში დეფიციტურია მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობის სპეციალისტები. მოთხოვნაა ასფალტისა და ლიანდაგის დამგებებზე.
გერმანიის შრომის ბაზარზე სჭირდებათ გათბობის სისტემის მონტაჟის სპეციალისტები, სანტექნიკის ხელოსნები, კონდენცირების, სამაცივრე და წყალგაყვანილობის სისტემის სპეციალისტები.
გერმანიაში მოთხოვნაა გადამზიდავი ავტომობილების მემანქანეებზე, ავტოტრანსპორტის მომსახურე პერსონალზე, მეტალოკონსტრუქციების მშენებლებზე და სოფლის მეურნეობის დარგის მექანიზატორებზე.
ყველაზე დეფიციტურია საოპერაციოს მედდები და საშუალო სამედიცინო პერსონალი, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სფეროში საქმიანობს. ასევე, შრომის ბაზარზე დეფიციტურია ფიზიოთერაპევტები და თერაპევტები, სარეაბილიტაციო სმენის აპარატურის სპეციალისტები.
აგრეთვე ვაკანტურია ადგილები ინფორმატიკის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიის სექტორში. გერმანიის შრომის ბაზარს სჭირდება ინფორმაციული სისტემების სპეციალისტები. ასევე გერმანიის ფედერალური სააგენტოს პოზიტიურ სიაში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი.





