საქართველოს ელექტროქსელის გაფართოებას გერმანია 125 მილიონი ევროთი დააფინანსებს
ეკონომიკა

საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებისთვის 125 მილიონი ევრო დაიხარჯება. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთანხმება დღეს გაფორმდა. ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰაიკე ფაიჩმა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გენერალურმა დირექტორმა, სულხან ზუმბურიძემ და KfW-ს (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლის მიზანსაც საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება წარმოადგენს.
ამ მიზნით გერმანია რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით 125 მილიონი ევროს ოდენობის კონცესიურ კრედიტს გამოყოფს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელთან ჰიდროელექტროსადგურების დასაკავშირებლად ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რითაც გაიზრდება ელექტროგადამცემი ქსელის სიმძლავრე და ამაღლდება ამ ქსელის და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება.
პროგრამის - “საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება, ფაზა 2“ - ფარგლებში თურქეთის მიმართულებით, გურიის რეგიონში გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებაა დაგეგმილი. განხორციელდება ეგრეთწოდებული „ჩრდილოეთის რგოლის“ პირველი ფაზაც, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჰიდროელექტროსადგურების ენერგოქსელში ინტეგრაციას ემსახურება.





