ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყველის გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნა
ეკონომიკა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - რატევანსა და დისველში ყველის გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სოფელ დისველში ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი კოოპერატივი "დისველი" რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (СENN) თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.
სოფელ რატევანში მდებარე ყველის გადამამუშავებელი საწარმო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში გადაიარაღდა და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. საწარმოში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტი HACCP. საწარმო ნედლეულს მიმდებარე 5 სოფლის მოსახლეობისგან იბარებს და დღეში 5 ტონა რძეს და 500 კგ ყველს აწარმოებს. 7 სახეობის ბრენდირებული ყველის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, სუპერმარკეტების ქსელში ხორციელდება. უახლოეს მომავალში იგეგმება ყველის ექსპორტი გერმანიაში.





