ქეთევან ლაცაბიძე
კვირიკაშვილმა სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული პროგრამა შეაფასა
ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული პროგრამა შეაფასა. მისი თქმით, სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას. მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის ძალიან მძიმე, ინტენსიური მუშაობის შედეგი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გასწია ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ეს პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ რეფორმის განსახორციელებლად, რომლებსაც ჩვენ ვაანონსებთ და ვახორციელებთ 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განსაკუთრებით, სივრცითი მოწყობის მიმართულებით. პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ყველა დაანონსებული გეგმის განსახორციელებლად, საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციების მხრიდან ანთებული გვაქვს მწვანე შუქი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი განხორციელდება და იქცევა რეალობად. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს სათანადო დონეზე", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ასევე, ამ მიმართულებით, ეროვნული ბანკის კოორდინირებულ მუშაობაზე. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სახეზეა, როგორც მაკროეკონომიკურ, ისე მიკრო დონეზეც." ჩვენი ვალია, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავააქტიუროთ. სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცება არის ძალიან პოზიტიური სიგნალი ყველა იმ ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს მიმართულებით მუშაობს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.





